მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამირან გიორგაძემ სამართალდამცველებს 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მედიასთან საუბრის დროს, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციის ბრალდებებსაც პასუხობს და ამტკიცებს, რომ ოპონენტების გაღიზიანების მიზეზი მათი წარმატებული საქმიანობაა.
"დაბარებული ვიყავი სამართალდამცავ ორგანოში, მივედი და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. დაინტერესება იყო 29 სექტემბერს მომხდართან დაკავშირებით. ჩემს მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას კარგი და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. ოპოზიციური პარტიები ცდილობენ როგორმე ჩამომაშორონ შტაბის მუშაობას,"- აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
შეგახსენებთ, მარნეულში მომხდარი არეულობის ორგანიზებაში ოპოზიცია სწორედ ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს. გუშინ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ინციდენტების დროს დაკავებულ ოთხივე პირს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.