შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით 56-მდე ნივთმტკიცებულებაზე.
აღნიშნულ 56 ნივთს შორის არის ის ტანსაცმელიც, რომელიც შემთხვევის ღამეს ეცვათ საქმეში მონაწილე პირებს. ასევე, სასამართლოს წინაშე დემონსტრირებული იქნება ნიკა ჟვანიას მიერ გამოყენებული რკინის ხელკეტი.
"ფაქტს, რომ დღეს, შესაძლოა, გამოკვლეული იყოს ხელკეტი, აღნიშნული მტკიცებულებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა, ბრალდების მხარის მოწმემაც კი მისცეს ჩვენება სასამართლოზე, თუ ბრალდების მხარე ამას მოისმენს," - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება ბრალდებულების მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემას, თუ რომელიმე ბრალდებული მზად იქნება ჩვენების მისაცემად, სავარაუდოდ, აღნიშნული პირებიც დაიკითხებიან. ბრალდების მხარე, ფაქტობრივად, დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას და პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
"ბრალდების მხარე გეგმავს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიოს. მათ შორის არის ხელკეტები, რომლითაც დაზიანება მიაყენეს შაქარაშვილს. თუკი რომელიმე ბრალდებული მზად იქნება ჩვენება მისცეს დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ ისინი დაიკითხებიან," - აღნიშნავს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.