არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პოლიტიკური პარტიები ხელს მოაწერენ კონცეფციას, რომელიც სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლებასა და დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, არსებული შეთანხმებით, პარტიები საჯაროდ აიღებენ ვალდებულებას 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაატარონ შემუშავებული რეფორმები.
"საუბარია სხვადასხვა ნაბიჯზე კერძოდ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლაზე, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის წესის შეცვლაზე და ასე შემდეგ, ეს ის ნაბიჯებია, რომელთა მეშვეობითაც კონსტიტუციის ცვლილების გარეშე მართლაც მოხერხდება გვქონდეს ის სასამართლო, რომელსაც საქართველო იმსახურებს," - აცხადებს "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი
IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილებები სასამართლოს სისტემურად გააჯანსაღებს და მოხდება ინსტიტუციური და შიდა დემოკრატიის გაძლიერება.