06 სექტემბერი 2026,   17:44
ვრცლად
ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, მთავარი პასუხისმგებელი მაღალი რანგის თანამდებობის პირია - ირაკლი კობახიძე გარეჯის საქმეზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი დანაშაულის აღსრულება მხოლოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეეძლოთ.

მისივე თქმით, აუცილებელია გაირკვეს, ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში. 

"თუ აქ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და შემდეგ აღსრულება. აღსრულებაზე პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებლები. ზოგადად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა, თუ არსებობს დანაშაული, არამედ მთავარი პასუხისმგებელი, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ მაღალ დონეზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ გამოძიებამ კონკრეტული პირების დაკავება საჭიროდ ჩათვალა, დანარჩენი დეტალები კი გამოძიების დასრულების მერე გახდება ცნობილი. 

"მტკიცებულებები, რაც გამოძიებამ მოცემული ეტაპისთვის მოიპოვა, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო კონკრეტული პირების დაკავება, მათ წარედგინათ ბრალი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, გამოძიების საკითხი და სასამართლოს გადასაწყვეტია"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები