07 სექტემბერი 2026,   21:46
ვრცლად
ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია. ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, შეთანხმება იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად იქნება საჭირო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გუშინ შეთანხმდნენ - დოკუმენტი კი ძალაში დღეიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, მხარეები ერთმანეთს პირობის დარღვევაში უკვე ადანაშაულებენ. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოსკოვში, სერგეი ლავროვმა უმასპინძლა.

სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართა. მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები ათ საათზე მეტხანს ისხდნენ. დოკუმენტის მიხედვით, უნდა დაიწყოს სამხედრო ტყვეების, დაკავებული პირებისა და დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა. სამმხრივი მოლაპარაკების პარალელურად, ილჰამ ალიევმა CNN-თან ინტერვიუში, ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული წელია პრობლემა ვერ გადაიჭრა.    

დღის ამბები