სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ემუქრება "ლელოს" აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს "ოცნებიდან" სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით. ვიდეოჩანაწერში გამოთქმული ფრაზების გამო დღეს მუსაევი გარდაბნის პოლიციაში უკვე გამოიკითხა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
რაშად მუსაევის ადვოკატიც ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნათქვამის რეალურად განხორციელება არ უფიქრია. გიორგი სამუშიას თქმით, მუსაევის მუქარა გარკვეულწილად ინსპირირებული იყო. მუქარის მოტივი უცნობია თავად მირზოევისთვის. "ქართული ოცნების" წევრი და დეპუტატი აცხადებს, რომ მას "ლელოს" აქტივისტთან შეხება არასდროს ჰქონია. დეპუტატი ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვს.
საარჩევნო კამპანიის ძალადობრივად წარმართვაში დღეს ერთმანეთი დაადანაშაულეს "ლელოსა" და "ოცნების" ლიდერებმა. მამუკა ხაზარაძის თქმით, რაშად მუსაევი მუქარისა და დაშინების მსხვერპლი თავად იყო. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში და ოპონენტებს მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვისკენ მოუწოდებენ.