ხელვაჩაურის მერის უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვიერი თავდასხმა ჟურნალისტზე. ჯუმბერ ვარდმანიძე სკანდალში ეხვევა, ხელვაჩაურის არჩეულმა მერმა მის მიერ დეკლარაციაში დაუსახელებელი ქონების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას გინებით უპასუხა. მერის გადადგომა დღეს საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციამ.
ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ჟურნალისტის შეურაცხყოფის გარდა დეკლარაციაში ქონების დამალვის გამოც ითხოვენ.
ვარდმანიძემ გუშინ ჟურნალისტის გინების ფაქტი ვერ გაიხსენებდა, დღეს კი განაცხადა რომ საკუთარ საქციელს ნანობს
"მერი, რომელიც უნდა იცავდეს კანონს და გლეხ ადამიანებს ერთი კვადრატული მეტრის მიშენების გამო აჯარიმებს ათასობით ლარით, აშენებს მილიონიან პროექტს, ნებართვის გარეშე. მე მინდა მივმართო მთავრობის თავმჯდომარეს, რას აკეთებთ მთავრობაში. მოგიწოდებთ ჯუმბერ ვარდმანიძე, დატოვოთ თანამდებობა, რადგანაც თქვენ არც მორალური, არც პოლიტიკური უფლება არ გაქვთ იყოთ ხელვაჩაურის მერი," - განაცხადა ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" მიშა ბოლქვაძემ.
"მოქალაქეებთან აქვთ კარგი დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა. ისიც ვიცი, რომ არის მორწმუნე. ჩემთვის ყოვლად დაუჯერებელია, მაგრამ თქვენ მითხარით, რომ ბოდიშს იხდის, თუ ეს ასეა, ალბათ მისი გულისტკივილი გამოხატა," - აღნიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე დავით სამნიძემ.
თავის მხრივ, ხევაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ის ვალდებული იყო ემოციებს არ უნდა აჰყოლოდა.
"ვალდებული ვარ, რომ ნერვები მოვითოკო და არ ავყვე, მაგრამ როცა ეხებიან ოჯახი წევრს და მის გაზრდას და როცა ეხებიან 2 წლის შვილიშვილს... მიუხედავად ამისა, მე უნდა მომეთოკა ნერვები, არ უდნა ავყოლოდი ემოციებს.
იქ იდგა ძველი სახლი, ჩემი სახლი, მამის მიერ, რომლის კოსმეტიკური რემონტი მინდოდა დამეწყო და კედელი ჩამოიშალა ბოლომდე. იძულებული გავხდი დამეწყო დემონტაჟი, იმიტომ რომ ის სახლი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. დავიწყე ახალი სახლის აშენება. კი სჭირდებოდა ნებართვა, მაგრამ არ მეყო დრო," - განაცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.