25 დეკემბერი 2024,   23:22
ვრცლად
რუკა, რომელზეც საზღვარმა მთის წვერზე გადმოიწია არსად არ არის დამტკიცებული - დავით ხიდაშელი

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოიძია, "რუსთავი2"-ის ეთერში რუკებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

დავით ხიდაშელის თქმით, 1938 წლის 5 მარტს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიიღო, სადაც საუბარია, რომ ამ შეთანხმებას თან აქვს დართული  1:500000 მასშტაბის რუკა, თუმცა მისი განცხადებით, ამ დრომდე არ აქვს ნაპოვნი ამ რუკის ორიგინალი ან ასლი.  არსებობს 1938 წლის კიდევ ერთი რუკა, რომელიც ხიდაშელმა საჯარო ბიბლიოთეკაში მოიძია და იქ საზღვარი გადის უდაბნოს მთის ქვემოთ. ხიდაშელის თქმით, 1938 წლიდან 1942 წლამდე დოკუმენტებში საზღვარი იყო ქედს ქვემოთ, 1938 წლის დოკუმენტში საზღვარი გადის მთის ქედის ქვემოთ, მაგრამ არ არის თანდართული რუკა, მეორეს მხრივ  ჩნდება 40-იან წლებში შედგენილი რუკა, საზღვარი არის აწეული და გადის სამონასტრო კომპლექსის ზოლთან თუმცა არც საბჭოთა საქართველოს და არც საბჭოთა აზერბაიჯანს ახალი სასაზღვრო ზოლი არ დაუმტკიცებია.

"რუკა 1942 წელშია გამოშვებული, 1945 წელში არის ხელმოწერილი და გაგზავნილი. საზღვარმა ამ რუკაზე გადმოიწია მთის წვერზე. მაგრამ არსად არ არის დამტკიცებული, დაიბეჭდა რუკა 1:100000 იანი მასშტაბით, მაგრამ არც საქართველომ 1945 წელში და არც აზერბაიჯანმა არ დაამტკიცა. ასეთი რუკები არის ადვილი გამოსაყენებელი, გამოსაჩენი და დაიწყეს ამის ხმარება ტარება აქეთ-იქით ამ დონეზე. მას შემდეგ იბეჭდება ასეთი რუკა," - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

1996 წელს აზერბაიჯანი-საქართველოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 1938 წლის შეთანხმების შესაბამისად გაივლოს საზღვარი, თუმცა ამ შეთანხმების შესაბამისი რუკის მოძიება დავით ხიდაშელის თქმით, ვერ მოხერხდა:

"ვერ მივაგენით, რომ ვკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამ კომისიის წევრებს რომ შეეკითხნენ თავდაცვის სამინისტროდან, მაშინ გადასცეს, რომ ჩვენ ეს რუკა ვერ ვიპოვეთო. მაგრამ სომხეთმა გადმოგვცაო მეორე რუკაო და ამ რუკით უნდა ვისარგებლოთო,"  - განაცხადა დავით ხიდაშელმა, თუმცა მისი თქმით, ამ რუკის შესაბამის მტკიცებულებად გამოყენება არ შიუძლება, რადგან თარიღებიც და ხელმოწერებიც ზემოდანაა დაკრული.  ხიდაშელის თქმით, არსებობს 1937 წლის რუკაც, თუმცა ვერც მისი გამოყენება ვერ მოხერხდა, რადგან საზღვარზე რამდენიმე ხაზია დატანილი.

ხიდაშელის თქმით, რუსეთში რუკის ძებნის პარალელურად მოძიებული იქნა 1951 წელს ამერიკაში გამოცემული რუკა, რომელშიც  მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთის ძირში. 1978 წელს გამოცემულ ამერიკულ რუკაზეც, რომელიც მფრინავებისთვისაა მომზადებული საზღვარი გადის მთის ძირში. ხიდაშელის თქმით, რუკებს მითითებული აქვთ, რომ ისინი გერმანული და რუსული რუკების მიხედვით არის მომზადებული.

დღის ამბები