"ევროპული საქართველო" ზუგდიდში "ქართულ ოცნებას" პედაგოგების საარჩევნო კამპანიაში ჩართვაში ადანაშაულებს. პარტია საკითხზე საჩივრის შეტანას ცესკოში გეგმავს.
ოპოზიციური პარტიიდან 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის განმარტება, რომ მის მხარდამჭერი ვიდეორგოლები არასამუშაო დროს და არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, არ ცვლის ფაქტს, რომ მმართველი გუნდის შტაბმა ზუგდიდში კანონი დაარღვია, რადგან ვიდეო მუდმივად ტრიალებს და ყველა ტიტრში აღნიშნულია, რომ მხარდამჭერი პედაგოგია.
ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის განცხადება გააკეთა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა.
ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ უკვე დაიწყო დირექტორების გათავისუფლების მავნე პრაქტიკა და ხელისუფლებას საარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედებებისგან მორატორიუმის დაწესებას ურჩევს.
მისივე თქმით, სწორედ ზუგდიდში შეეწირა დირექტორის სიცოცხლე მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. "ევროპული საქართველო" კი, მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიამ საკითხზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა, დავის გაგრძელებას ცესკოში და სასამართლოში გეგმავს.
"ევროპული საქართველოს" საპასუხოდ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, რომ მან მოისმინა როგორც მასწავლებლების, ასევე კანდიდატის განმარტებები და ვინაიდან ვიდეოები არასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული, საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ ჩათვალა.