გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კოვიდინფიცირების ფაქტების მომატების გამო, რადგან ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი საწოლ-რესურსი არ გააჩნია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.
"უნდა ვიყოთ რეალისტები, როდესაც ჯანდაცვის სისტემაზე და ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ. არ შეიძლება ეს იყოს ფინანსური, ან პოლიტიკური მანიპულაციის გზით მიღებული ინფორმაცია. ეს უნდა იყოს ფაქტებზე მიღებული ინფორმაცია და ფაქტები არის ძალიან ჯიუტი. ჩვენ ვიცით, რომ თუ ქვეყანას ადეკვატური რეანიმაციის საწოლების რაოდენობა არ აქვს, ქვეყანა დაიხურება.
ალტერნატიული საწოლების რაოდენობა, ეს არ არის ჩვეულებრივი საწოლი, ამ საწოლს უნდა მოჰყვეს რეანიმატოლოგი, ექთანი, სანიტარი და დამხმარე პერსონალი, თავისი მოწყობილობით. მინისტრმა აპრილში თქვა, რომ 1200-მდე საწოლი შეიძლება ქვეყანაში იყოს მობილიზებული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რეანიმაციები ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფების გამო, ისედაც გადატვირთულია. როცა მესმის, რომ 3, ან 5 ათას საწოლი გვექნება, ვგულისხმობ რეანიმაციულ საწოლს, როცა ამის რესურსი არ არის, რა უნდა ქნან, უნდა ჩაკეტონ ქვეყანა,"- განაცხადა "დღის კურიერში" გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ.