17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება. 

შედეგად, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება.

ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნეს, რომ მათი ხელშეწყობა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია. 

ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება ჯამში 490 000-მდე ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

დღის ამბები