19 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სოფელ ლამბალოში 18 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის ბიჭზე ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1 პირი - 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს - 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები