უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ეპიდვითარების ფონზე და რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, დღეიდან სწავლა აუდიტორიებში დასწრებით განახლდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა ნაწილი პროტესტით შეხვდა. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ერთ სივრცეში იზრდება რისკები, რის გამოც საფრთხეშია ასობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი, რომელიც უნივერსიტეტში დღეს შუალედური გამოცდების ჩასაბარებლად მივიდა, ამბობს, რომ საგამოცდო აუდიტორიაში, სადაც საკმაოდ ბევრი სტუდენტი იმყოფება, ყველა რეკომენდაცია დაცული არ იყო, მათ შორის, არც დისტანცია. ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ დარღვევა არ შეინიშნებოდა, თუმცა მიაჩნიათ, რომ დისტანციური სწავლება ამ ვითარებაში, უსაფრთხო იქნება.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანების მიხედვით, სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების უფლება გააჩნიათ. მისი თქმით, ყველა საჭირო რეკომენდაცია დაცულია.
"უფლება გვაქვს, რომ გავაგრძელოთ მინისტრის ბრძანებით და ყველა რეგულაციით, უფლება გვაქვს ყველა ნორმატიკის დაცვით გავაგრძელოთ ლაბორატორიული და საგამოცდო პროცესები. ჩვენ ვაკეთებთ ამას ყველანაირი პირობების დაცვით და ვისაც არ შეუძლია და პრობლემა აქვს მოსვლის პრობლემა არ არის, მერე აღვადგენინებთ გამოცდა იქნება ეს თუ ლაბორატორიული მეცადინეობა," - განაცხადა კახა შენგელიამ.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ლექციები და გამოცდები ონლაინ ჩატარდება.
"ლექციური მეცადინეობები ყველა დისციპლინაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ონლაინ. გამოცდები უახლოესი 2 კვირის განმავლობაში რაც არის დაგეგმილი ჩატარდება ონლაინ. 2 კვირის შემდგომ ვიმსჯელებთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით," - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.