პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კოვიდინფიცირების წყაროდ გურიის რეგიონს ასახლებს, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა. "კოვიდ-19" დაუდასტურდა ნინო წილოსანის შვილსაც. მისი სხვა კონტაქტები კი, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათ შორის არის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
"სავარაუდოდ 5 დღის წინ მოხდა ჩემი დაინფიცირება, ბოლო პერიოდში გურიაში ვიყავი და აქედან გამომდინარე ვუკავშირებ გურიას. იმის მიუხედავად, რომ თავს ვიცავდი, უამრავი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული, არის რამდენიმე კონტაქტი, ვისზეც ვეჭვობ, რომ არის ჩემი ინფიცირების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს პირბადე გვეკეთა, მას ჰქონდა ნაჭრის პირბადე, აქედან გამომდინარე, ნაჭრის პირბადე ვერ იცავს.
ეპიდემიოლოგებთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, შეხვედრებზე დაცული დისტანციის და წესების გამო, ისინი არ ითვლებიან კონტაქტებად. ჩემ ყველაზე ახლო კონტაქტებად ითვლებიან მძღოლი და თანაშემწე, რომელთან ერთადაც რამდენიმე საათი მიწევდა დახურულ სივრცეში ყოფნა.
რაც შეეხება სხვა კონტაქტებს, შაბათს მამუკა მდინარაძესთან ერთად ავედით ჩემს მეგობართან სავახშმოდ. მისვლიდან 15 წუთში დამირეკა ტელეფონმა და მითხრეს, რომ გურიაში ჩემს კონტაქტებს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძე და ეს ადამიანები გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ძალიან მინდა, რომ არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდეს.
"კოვიდ-19" აქვს ჩემს შუათანა შვილსაც. ის ამ პერიოდში უსიმპტომო იყო, დადიოდა სკოლაში, სპორტზე, რა თქმა უნდა ვაცნობიერებთ რამხელა რისკია ჩვენი საზოგადოებაში გადაადგილება,"- განაცხადა "დღის კურიერში" ნინო წილოსანმა.