ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არის.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის მართვაში თბილისის მასშტაბით 4 დამატებითი კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში 3 და იმერეთში 3.
"რაც შეეხება კოვიდმიმღებ ცენტრებს, ამ დროისთვის ჩვენ საავადმყოფოში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას. დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. დღეის მდგომარეობით 4392 საწოლი გვაქვს მობილიზებული. თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება 3 დამატებითი კლინიკა, იმერეთის რეგიონში ჩაერთვება ასევე 3 კლინიკა. კერძოდ, ქუთაისში 2 დამატებითი კლინიკა. ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს,"- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან სასტუმრო სივრცეში განთავსებასთან დაკავშირებით ნდობის გასაზრდელად თითოეულ სასტუმროზე ერთი რომელიმე კლინიკა იქნება პასუხისმგებელი.
"ჩვენ, ასევე, ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს და გამომდინარე იქიდან, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და პაციენტების კუთხითაც ისინი ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმრო სივრცეებში გადასვლაზე, მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმრო სივრცეებში მობილიზებულია ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათ მკურნალობას და მონიტორინგს გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს ხდება კლინიკებში. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომლებზეც ჩვენ ვიცით, რომ რისკი არის მინიმალური.
ნდობის გასაზრდელად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე და ეს სასტუმრო უზრუნველყოფილი იქნება ამ კლინიკის ექიმების წარმომადგენლობით,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, სახლში დარჩენილი პაციენტების მართვის კუთხით მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში არსებული პირველადი ჯანდაცვის ყველა კლინიკა პროგრამაში ჩაერთვება.
"სახლში მკურნალობას გადის 6544 ადამიანი, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა - დღემდე არსებული 17 კლინიკისა, რომელიც თბილისის მასშტაბით მონაწილეობდა პაციენტების მონიტორინგში, ჩვენ დავამატეთ კიდევ 24 კლინიკა. დღეს გრძელდება დამატებითი კლინიკების ჩართვა ამ პროგრამაში, სადაც ჩვენ ვხედავთ როგორ არიან პაციენტები მართვადები. კვირის ბოლომდე ყველა პირველადი ჯანდაცვის ობიექტი თბილისისა და რეგიონების იქნებიან ჩართულნი ამ პროგრამაში,"- განაცხადა მინისტრმა.