27 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასვა საქართველო მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა, რომ ამ უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზეა დაფუძნებული. 

მიხეილ ჩხენკელმა ადრონული თერაპიის ცენტრზეც ისაუბრა, რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა გაიხსნას და რომელიც, მისი თქმით, მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი კერა უნდა გახდეს. 

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უნიკალური უნივერსიტეტი და მე მინდა გამოვყო რამდენიმე მთავარი მიმართულება. პირველ რიგში, ამ უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები აქ ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამებით, რითაც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც ტრადიციულ ფორმატში, ასევე ონლაინ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი მხარე, რომელიც აქტიურად და თვალნათლივ იქნება წარმოჩენილი ყველა ფაკულტეტზე.

სულ რამდენიმე წელიწადში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია "ქართუ ფონდის" მიერ. ერთი ციკოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე - მთლიანად მოხმარდება კვლევით პროცესს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი კერა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები