19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
არასრულწლოვნების საქმე დასკვნით ეტაპზეა - დაცვის მხარე საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად დროს ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთი ეპიზოდის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა. საუბარია არასრულწლოვნების საქმეზე, რომელთაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მხარეები სხდომაზე წარმოთქვამენ საბოლოო სიტყვებს, თუმცა ამ პროცესის გადადების შუამდგომლობა აქვთ ადვოკატებს.

"სასამართლო მოისმენს ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას. ალბათ, ბრალდება ჩამოაყალიბებს თავის არგუმენტებს, თუ რატომ მიიჩნევს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში ბრალდებულებს. სასამართლოს მოვთხოვთ, გარკვეულ ვადას. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 10 დღეს, პროკურორის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, რომ ჩვენ მოვემზადოთ დაცვითი სიტყვებით,"-განაცხადა არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა

ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი აცხადებს, რომ არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის, რომ არასრულწლოვანმა ვინმეზე რაიმე სახით იძალადა. 

"არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ნ.ც.-მ ვინმეზე რაიმე სახით იძალადა. ასევე, არ დადასტურებულა არანაირი ფაქტი, რომ თითქოს მან რაიმე სახის ორგანიზება მოაწყო ჯგუფური ძალადობის. მე ორკვირიან ვადას მოვითხოვ, თუმცა ვნახოთ, რამდენს დაგვიკმაყოფილებს სასამართლო,"-განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ პირთან მიმართებაში.

"ჩვენ სასამართლოს ყურადღებას გავამახვილებინებთ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც წარმოვადგინეთ და გამოვიკვლიეთ. სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ დაზარალებულების ჩვენებას, ასევე, მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებას, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც გამოვიკვლიეთ. იგივე, ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებები სრულად თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ისე სხვა მოწმეების ჩვენებებთან და საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებთან. მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ პირთან მიმართებაში,"-განაცხადა პროკურორმა. 

დღის ამბები