1928 ინფიცირებული და 8 დაღუპული. ასეთია დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა. დედაქალაქშია 788 შემთხვევა, თბილისის პარალელურად სტატისტიკა ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება რეგიონებშიც.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებთან ერთად ინფორმაცია განახლდა მათ შესახებაც ვინც COVID-19 დაძლია. 604 პირს პაციენტის სტატუსი უკვე აღარ აქვს. ბოლო 24 საათში 8 პაციენტი, მათგან 3 თბილისში და 3 აჭარაში გარდაიცვალა.
ქუთაისში კოვიდინფიცირებულებს შორის აღმოჩნდა #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. თელავში ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის მე-7 საჯარო სკოლა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავარი რეკომენდაციები დისტანციის დაცვა და პირბადის ტარებაა. ამასთან უწყება მოქალაქეებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ აფრთხილებს.