საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ დღე-ღამეში დაფიქსირდა. კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა თბილისში. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. 23 პაციენტიდან "კოვიდ-19-ს" 8 აჭარაში ემსხვერპლა.
"24 საათის განმავლობაში, აჭარაში გარდაცვალების 8 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 2 პაციენტი ქობულეთში გარდაიცვალა, 1 ბათუმის საერთშორისო უნივერსიტეტში, 1 ინფექციურ საავადმყოფოში და 1 მედცენტრში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 3 კოვიდპაციენტი, 78 წლის ქალი, 79 და 82 წლის მამაკაცი. სამივე პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თავიდანვე შეფასდა, როგორც მძიმე. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,"-განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.
"სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა რჩება მაღალი. აჭარაში გვაქვს მერყეობა, რაც მიუთითებს მაინც შემთხვევების აქტიურ გავრცელებას. საყურადღებოა ასევე გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო მაჩვენებელი, რაც აქამდე დაფიქსირებულა. გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა იყო მძიმე ქრონიკული დაავადებების პაციენტებში, ყველა შემთხვევა სამწუხაროა და ამ მიმართულებით მიდის განსაკუთრებული მუშაობა,"-აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.