მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შემდეგაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმიც შეიყვანეს.
უბნების დახურვის შემდეგ მარნეულში ვითარება განიმუხტა. ამ დროისთვის არის სრული სიმშვიდე. მარნეულის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა უბანი არის დახურული და საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა საშუალო იყო.
რაც შეეხება დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ბოლო ინციდენტი სოფელ ყიზილაჯლოში, სადაც 99-ე უბანზე "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელი და კომისიის თავმჯდომარე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დამკვირვებელმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, მან დააფიქსირა, რომ რამდენიმე პირი რამდენჯერმე შედიოდა უბანზე და ერთის ნაცვლად რამდენჯერმე აძლევდა ხმას. ამის შემდეგ დამკვირვებელი ამბობს, რომ კომისიის სხვა წევრებისგან შენიშვნა მიიღო მას შემდეგ, რაც მან დარღვევის შესახებ განაცხადა.
"გოგო მოვიდა ხმის მისაცემად და ადგილზე იყო სხვისი ხელმოწერა. სულ მაგას ვამბობ, რომ ნუ უშვებთ ორჯერ და სამჯერ, ვინც გარეთ დგანან ყველანი არიან ათჯერ შემოსულები და მერამდენე კრუგზე შემოვიდნენ უკვე აღარ ვიცი. საჩივარი უნდა დამეწერა, მაგრამ ვერ დავამტკიცებ იმიტომ, რომ ვიდეო არ გადამიღია. როცა ვეუბნებოდი, რომ არ შემოსულიყვნენ, კარგი რა შენი ჭირიმეო. პირადობის გარეშეც მისცეს და სხვისი პირადობითაც მისცეს ხმა," – განაცხადა "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელმა.
"ევროპული საქართველოს" დამკვირვებელს თავად კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. მან განაცხადა, რომ დამკვირვებელი დეზინფორმაციას ავრცელებდა და ყიზილაჯლოს 99-ე უბანზე იმ მომენტისთვის არც ერთ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ეს არის სრული სიცრუე. კარგად მოგეხსენებათ დილიდანვე პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ამ უბანზე ადგილი და მცდელობა ახლაც ხდებოდა. თუ რამე დარღვევა არის კანონის ფარგლებში მივმართე, რომ მოსულიყო მდივანთან, ჩემთან და ის საჩივრის წილში ჩვეულებრივად დაეფიქსირებინათ თავისი მოსაზრება თუ რა დაირღვა უბანზე. ის შეეცადა ისევ ხელახალი სპექტაკლის დადგმას. არჩევნებია და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, კანონს გადაუხვიოს," – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადდა, კომენტარი გააკეთა მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაურ დარგალმა. მან საკუთარ ამომრჩეველს მიულოცა და განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. ეს არის საქართველოს და თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულში ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები," - განაცხადა ზაურ დარგალმა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გიორგი კახიანი. მისი ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" მარნეულის მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
"დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს არის მთელი ქვეყნის გამარჯვება და ყველას, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. გამარჯვება არის ისიც, რომ არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, ჩავატარეთ ძალიან თავისუფალი, თანასწორი, დემოკრატიული არჩევნები და ამის აღიარება მოუწევს იმ რადიკალურ ოპოზიციასაც, რომელიც ახლა შესაძლოა ამ ჭკუაზე არ არის," - განაცხადა გიორგი კახიანმა.