სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე გამოკითხვა ვერ შედგა. რაფიკ ორუჯოვმა განაცხადა, რომ შეკითხვებს მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ორუჯოვის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სუსი ნამდვილი ტერორისტების ნაცვლად ელექტროშოკის საქმეებითაა დაკავებული.
"ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო, იმიტომ, რომ არის თითიდან გამოწოვილი და ნაცვლად იმისა, რომ სუსი იყო ნამდვილი ტერორისტის ძებნით დაკავებული, ამ დროს ისინი კავდებიან მეწარმე ადამიანის ავტომობილიდან ამოღებული ელექტროშოკის საქმეებით. ელექტროშოკი არაა აკრძალული ნივთი, ელიავას ბაზრობაზე ბევრგან შეძლებთ მის შეძენას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალ და ზეგ დაიბარებენ ადამიანებს იმაზე, ჩაფხუტი რატომ გქონდა ავტომობილშიო," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თავად რაფიკ ორუჯოვის განცხადებით, ელექტროშოკი მას პირადი უსაფრთხოებისთვის სჭირდებოდა, რადგან მას მაღაზია აქვს და ღამით უწევს გადაადგილება.
"ვარ მეწარმე, მაღაზიისთვის მინდოდა, გაჩხრიკეს მანქანა, იპოვეს ელექტროშოკი. მაღაზია მაქვს, ღამე დავდივარ, მაგიტომ მჭირდებოდა," - აცხადებს რაფიკ ორუჯოვი.
რაფიკ ორუჯოვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დევი ჭანკოტაძის შტაბის აქტივისტია, ორუჯოვის დაკითხვას "ნაციონალურ მოძრაობაში" ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლად აფასებენ.
30 ოქტომბერს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში არსებობენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებსაც გააჩნიათ ხელკეტები, ელექტროშოკები და ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ აღნიშნულ რადიკალურ ჯგუფებს არჩევნების პარალელურად არეულობა მოეწყოთ, ამ დაჯგუფებების ლიდერების კონტექსტში კობახიძემ, ნიკა მელია, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინიც ახსენა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიებაც.