19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი და ახალი რეგულაციები - საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს 20-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ანალოგიური რეგულაციაა შემოღებული.

კორონავირუსს 26 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის ინფორმაციით, ინფიცირებული ქუთაისში, სახლში მკურნალობდა და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ დაგვიანებით მოხდა. თავდაპირველად ახალგაზრდა ქალს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა გარდაცვლილის დედის თქმით, შვილის ჯანმრთელობა უეცრად დამძიმდა.

განმარტება ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა, სადაც ამბობენ, რომ პირველად ოჯახმა სასწრაფო დახმარება 26 ოქტომბერს გამოიძახა, თუმცა გამოძახება მალევე გააუქმა იმ მოტივით, რომ 26 წლის გოგოს ჯანმრთელობა სტაბილური იყო და თავს კარგად გრძნობდა. გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბრიგადის განმეორებით გამოძახება 31 ოქტომბერს დაფიქსირდა და პაციენტი უკვე სუნთქვის გართულებული მდგომარეობით და მაღალი ტემპერატურით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 26 წლის ახალგაზრდას კოვიდზე ტესტი სწორედ საავადმყოფოში ჩაუტარდა და ის, რომ პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ ლაბორატორიიდან მოსული დადებითი პასუხით გაირკვა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკიც, 10 დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციური რეჟიმით გაგრძელდება. რესტორნები კი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ამ ეტაპზე, არც მკაცრი საკარანტინო რეჟიმის ამოქმედება და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახლა კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი ქვეყანაში 1,38 %-ია, რაც დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობას გამორიცხავს.

სტატისტიკური მონაცემების ზრდას ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი გარკვეულწილად რეგულაციების მიმართ საზოგადოების გულგრილობას უკავშირებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, თუმცა კორონავირუსის არსებობა არავის არ უნდა დაავიწყდეს.

დღის ამბები