07 სექტემბერი 2026,   09:10
ვრცლად
ოპოზიცია აქცია-მსვლელობას მეტრო "დელისთან" მართავს

საბურთალოზე კიდევ ერთი მსვლელობა მიმდინარეობს - ელენე ხოშტარია, მხარდამჭერებთან ერთად მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლისკენ მიემართება. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მსვლელობაში მონაწილეობენ "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მეტრო "დელისთან" შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაადგილდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ აქ შემხვედრ ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ კვირას იმართება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან და მოქალაქეებს მოუწოდებენ ამ აქციაზე მისვლისკენ.

"მე მინდოდა, რომ უბანში, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მომცა ხმა და სადაც გაყალბდა ასევე არჩევნები, რომ ადამიანებს ვესაუბროთ, მოვიწვიოთ კვირის აქციაზე და ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ასე ერთიანი ოპოზიციური აქცია, ჩემი კონკურენტი ლევანიც "ლელოდან" აქ არის და ეს არის ის ერთიანობა მოქალაქეებთან ერთად, რაც მოიტანს შედეგს და არ გააყალბებინებს არჩევნებს," - განაცხადა პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან"ელენე ხოშტარიამ

ამასთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც ამ წუთებში მსვლელობას მართავენ ამბობენ, რომ არჩევნები არის გაყალბებული. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ხმების გაბათილებას მოითხოვენ.

"დღევანდელი მსვლელობა ეს არის ჩვენს მოქალაქეებთან ოპოზიციის კოორდინირებული მსვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კვირას მოვიდნენ აქციაზე 15:00 საათზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად, რაც არის უმნიშვნელოვანესი ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ არც ერთი ოქმის საჩივარი არ დააკმაყოფილეს და ზოგადად გაყალბებები ახლაც გრძელდება," - განაცხადა პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძემ.

აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბნენ "დელისის" მეტროსთან. ისინი ამ წუთებში გადაადგილდებიან ვაჟა-ფშაველას გამზირზე და როგორც მედიასთან საუბარში აცხადებენ, ეს მსვლელობა, რომელიც ამომრჩევლის გაცნობით ხასიათს ატარებს, ვაჟას ძეგლთან დასრულდება.

დღის ამბები