19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
გახდება თუ არა საჭირო გეგმა "ბ" COVID პაციენტების სამართავად - ეპიდემიოლოგები საველე ჰოსპიტალების მობილიზებას განიხილავენ

უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსის ოთხნიშნა მაჩვენებელი ფიქსირდება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ. ვირუსის მართვის და ინფექციის გავრცელების პრევენციის პროცესში ჩართულია სახელმწიფო და სამედიცინო სექტორი, თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, რესურსები ამოუწურავი არ არის.

მზარდი კოვიდსტატისტიკის პირობებში, კორონავირუსის სამკურნალოდ მობილიზებულია 5 500 საწოლი. კლინიკებში კი 4 751 პაციენტი მკურნალობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საწოლფონდის 8 500-მდე გაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, არსებობს გეგმა "ბ", რომელიც საველე ჰოსპიტლებისა და დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს.

ვირუსს ბოლო 24 საათში ემსხვერპლა 37 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არიან ახალგაზრდა პაციენტები და ისეთები, რომლებსაც თანმდევი დაავადებები არ ჰქონდათ.

კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება პანდემიის დამარცხების ყველაზე დიდი იმედია. მსოფლიო ამჟამად ვირუსის რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობს. რომელიმეს დამტკიცების შემთხვევაში კი საქართველო 700 000 ადამიანის სამყოფ დოზას მიიღებს. ქვეყანამ პირველი 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა. ვაქცინით კი, პირველ რიგში, რისკჯგუფები აიცრებიან.

დღის ამბები