17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
საქალაქო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარს განიხილავს, რომლითაც ოპოზიცია ოქმების გაბათილებას ითხოვს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრებს განიხილავს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს და ცესკოს ბოლო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

"ყველა პროცედურა უნდა დავიცვათ, როგორც იურიდიული, ასევე თანმდევი და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ყველა დოკუმენტაცია იმისთვის, რომ, როგორც ჩვენ საერთშორისო პარტნიორებს, ასევე დაინტერესებულ მხარეებს წარვუდგინოთ, ვისაც უშუალოდ აინტერესებს სამართალწარმოების ბედი ჩვენ ქვეყანაში. არამგონია საქართველოში მოიძებნებოდეს დღეს მოქალაქე, რომელსაც ღიმილი არ მოჰგვაროს იმან, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში რაიმე სამართალი მონახო," - აცხადებს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" დავით კირკიტაძე.

"ვეცდებით სასამართლოში დავამტკიცოთ ის, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ის სასამართლომ უნდა გააუქმოს. მთელი პროცესი, რაც ეხებოდა საჩივრების და სარჩელების განხილვას, მიდიოდა სრულიად უკანონოდ და მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმიც და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მათ შორის მეორე ტურებიც არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და ისინი ბათილად უნდა სცნოს სასამართლომ,"-  განაცხადა"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრმა თამარ კორძაიამ.

"57 საარჩევნო უბანზე 120-დან, დაფიქსირდა მეტობით ბიულეტენი. გავდივართ ყველა ინსტანციას, მოვედით სასამართლოში იმისთვის, რომ მათ შორის საერთაშორისო მეგობრობას, ჩვენს მეგობრებს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, რომ სამართლებრივი ენით ამ ხალხთან, ვგულისხმობ "კრიმინალურ ოცნებასთან", საუბარი არ გამოდის,"- აცხადებს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები