19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
სამედიცინო ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები პანდემიის მართვაში ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ და პროცესებში ჩართულობას ითხოვენ

სამედიცინო ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები პანდემიის მართვაში ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობენ და პროცესებში ჩართულობას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება და მომზადდა ერთობლივი დოკუმენტი. მიმართვაში იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებზეა საუბარი, რომელსაც ექსპერტთა ჯგუფი აყენებს. მათ შორის, საუბარია საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყოს ღიად, იყოს გამჭვირვალობა დაცული ამ გადაწყვეტილების მიღებისას და ჩვენ გვესმოდეს რატომ, როდის და რა იქნება დაგეგმილი. ამიტომაც პირველი, რასაც ვთავაზობთ ჩვენ, შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების ფორმატი, მეორე - განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები ყველა დონეზე, როცა ზუსტად ვიცოდეთ, რომ სამინისტრო თავის საქმეს აკეთებს, დაავადებათა კონტროლს თავისი კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს," - აცხადებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ანდრია ურუშაძე.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილებები ფრთხილად არის დასაგეგმი და კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის დიდი მოცულობით უნდა იყოს მიწოდებული, ვინაიდან, მათი თქმით, იმაზე საუბარი, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი, საკმარისი არ არის.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ეპიდემიის მმართველ რგოლსა და მოსახლეობას შორის ნდობის არსებობისა და გაუმჯობესების კომპონენტში დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა.

"ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ეპიდემიასთან ბრძოლის წარმატებაში არის ეპიდემიის მმართველ რგოლსა და მოსახლეობას შორის ნდობის არსებობა და გაუმჯობესება. მინდა გითხრათ, რომ ამ კომპონენტში სწორედ ძალიან დიდი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება არის, რომ მსგავსი ტიპის საბჭო გაფართოვდეს, ან სხვა ფორმატი იქნეს შემუშავებული, ვგულისხმობთ ეროვნულ ფორმატს, სადაც პირველ რიგში იქნება ისეთი სანდოობის ფორმატი, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკულად არ იქნება დაქვემდებარებული მერე შემდგომში ისეთ კრიტიკას, რასაც დღეს ვხედავთ," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები