სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, "ქოლცენტრების" ეპიზოდზე, თაღლითობისა და "ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებულმა ელისო კილაძემ ჩვენება მისცა. ის დაცვის მხარის მოწმეა.
დღეს, ასევე სასამართლოს ჩვენება მისცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში მსჯავრდებულმა გიორგი მიქაძემ. მიქაძეს ბრალი "ქოლცენტრების" საქმეზეც აქვს წაყენებული.
"დაცვის მხარეს დღეს ნამდვილად ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი სასამართლოში. ორივე მათგანი, ე.წ. ქოლცენტრების ეპიზოდთან მიმართებაში ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს. ჩვენი დაინტერესება ბუნებრივია, როდესაც ე.წ. მფარველობაზე არ ხდება მითითება, გამოგვერკვია, აღნიშნული პირები რაიმე სახის ინფორმაციას რამდენად ფლობდნენ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით, რაზედაც დასახელებულმა ორმა მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ იციან, არ ჰქონიათ და ასე შემდეგ." - აცხადებს ადვოკატი, ნათია კოტრიკაძე.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა:
"ელისო კილაძეს, ისევე როგორც გიორგი მიქაძეს და მათთან ერთად ორგანიზებულ ჯგუფში მყოფ ხალხს, რომლებიც "ქოლცენტრების" საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით იღებდნენ მონაწილეობას, მფარველობის მიმართულებით ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს ბრალი, რომ მფარველობას უწევდა ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები და ამ მიმართულებით ბრალდების მხარე არ ედავება გრიგოლ ლილუაშვილს, რომ ამ ადამიანების მფარველობაში იღებდა მონაწილეობას. გრიგოლ ლილუაშვილს ჩვენ სულ სხვა მიმართულებით ვედავებით მფარველობის კუთხით.
დღეს ჩატარებული და დაცვის მხარის მიერ დაკითხული მოწმეების მთელი არსი და დაცვის მხარის იდეა და სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ გივი ჯიბლაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაებათილებინა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით, რაც ისაუბრა მან აი ამ ჭრილში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ანდრია ლილუაშვილთან, რომლებიც ზუსტად იმ ქოლცენტრებში საქმიანობდნენ, რის მფარველობასაც ჩვენ ვედავებით ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს. ამიტომ, ესე არ უნდა გავიგოთ, რომ გივი ჯიბლაძემ ინფორმაცია მოგვაწოდა და მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვითხოვთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც შეეხება შეღავათებს, საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა და მთავარი არის სწორადაც, რომ აღიარება და თანამშრომლობა." - აცხადებს პროკურორი.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.