"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს აჭარის რეგიონშიც.
განცხადება აჭარის მთავრობის სახლთან ლევან ვარშალომიძემ და გიორგი კირთაძემ გააკეთეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ პირველი ტური გააყალბა და მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებენ.
ლევან ვარშალომიძის თქმით, ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის ოლქების ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას ოფიციალური განცხადებით დღესვე მიმართავენ.
ისინი მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, არ მივიდნენ არჩევნებზე. ოპოზიცია სირცხვილის კორიდორებს კიდევ ერთხელ აანონსებს და განმარტავს, რომ ამ კორიდორებში მხოლოდ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები და საარჩევნო კომისიის წევრები გაივლიან.