19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
სოციალური მოთხოვნების გამო აყვანილი 17 მძევალი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ

ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 31 წლის მამაკაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წერეთლის ფილიალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში შეიჭრა, 17 მძევალი აიყვანა და შემდეგი მოთხოვნები დააყენა:

აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.

მალევე გავრცელდა ტელეფონით გადაღებული ვიდეო კადრებიც, სადაც თავდამსხმელი შეიარაღებული იყო, თუმცა, რა ტიპის იარაღი ჰქონდა და იყო, თუ არა ის ნამდვილად ცეცხლსასროლი, ამას უახლოეს დღეებში ბალისტიკური ექსპერტიზა დაადგენს.

მოლაპარაკებები სამართალდამცველებსა და თავდამსხმელს შორის რამდენიმე საათის განმავლობში მიმდინარეობდა, პერიოდულად, შენობას ტოვებდნენ მძევლები. ბოლოს ზურაბაშვილი სამართლდამცველებმა აიყვანეს.

ზურაბიშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ადვოკატების თქმით, დაკავებულს თან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ასევე, მათი მტკიცებით, გასათვალისწინებელია ზურაბაშვილის და მძევლად აყვანილი პირების ერთმანეთთან დამოკიდებულება.​

გამოძიება იარაღის შეძენა შენახვა ტარების და ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანის მუხლით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

დღის ამბები