05 სექტემბერი 2026,   19:58
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის აღკვეთ ღონიოსძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო, ამ წუთებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. ლევან ზურაბაშვილის უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ბრალდებულს მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს. პროკურატურამ ზურაბიშვილს ბრალი გუშინ წარუდგინა. უწყება მას ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ბალისტიკური კვლევის მიხედვით კი ლევან ზურაბაშვილი არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა.

"არანაირი მძევლობა, მას თავისუფლად გადაადგილება არავისთვის შეუზღუდავს, არავის უხეშად არ მოპყრობია, არავისთვის საშიში არ ყოფილა. პირიქით, ერთ-ერთ მომლაპარაკებელს გავესაუბრე და მითხრა, იქ რომ ვიყავი, ვეუბნებოდი იქ მყოფ ადამიანებს - წადით მეთქი, და არ მიდიოდნენო.

სავარაუდოდ, პროცესზე თავის პოზიციას დააფიქსირებს და თუ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ, რომ მიიღებს, გაათავისუფლებს სასამართლო დარბაზიდან. როგორც გამოვა, აუცილებლად გააკეთებს განცხადებას," - განაცხადა ლევან ზურაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჭაჭუამ.

საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელიც დაადგენს ლევან ზურაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"მისი ქცევიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, იმ გარემოებას, ხომ არ წარმოადგენს ის საზოგადოებისთვის საშიშროებას, ან ხომ არ არსებობს მომავალში მისგან ანალოგიური საფრთხის განხორციელების რისკი.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, საქმეში წარმოდგენილია როგორც გამოკითხვის ოქმები, ასევე - ვიდეოჩანაწერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვადასხვა მასალა, რომლებიც ადასტურებენ მითითებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით მომდინარეობს ის საფრთხეები, რომელთა გათვალისწინებითაც ბრალდების მხარე მივმართავთ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. მისი მოთხოვნები იყო აიკრძალოს სათამაშო ბიზნესი, დაიწიოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და გაიაფდეს მედიკამენტები.

დღის ამბები