ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში მკურნალობდა.
თავდაპირველად, მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, გარდაცვილი ექიმი მათი ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ის დისტანციურად მუშაობდა, თუმცა მაინც დაინფიცირდა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
დაავადებათა სამმართველოში, ასევე, ინფიცირებული იყო რამდენიმე თანამშრომელი. მათი მდგომარეობა მსუბუქი იყო და ნაწილმა ვირუსი დაამარცხა. გიორგიძის თქმით, სამმართველოს მუშაობა არ შეფერხებულა.
იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.