იაშვილის კლინიკის დირექტორის, პედიატრ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებთან მიმართებაში კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენის წესების და დისტანციის დაცვაა. ამასთან, პედიატრმა ისაუბრა ბავშვებში პირბადეების გაკეთების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც.
"ნიღაბთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვა, რა ასაკიდან შეიძლება გავუკეთოთ ბავშვს ნიღაბი, აქ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და უნისეფის მკაფიო რეკომენდაცია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული და აუცილებელი არაა, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფს არ შეუძლია მისი შესაბამისად გამოყენება, რისკები უფრო მეტია და ერთი მცირე მითითება, თუ აუცილებელია, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვს ახლო კონტაქტი ჰქონდეს რომელიმე ადამიანთან, თქვენი მეთვალყურეობით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუკეთეთ ნიღაბი და ასე იყოს ეს კონტაქტი დაშვებული. ანუ 6 წლის ზემოთ ყველა შემთხვევაში, 6 წლამდე მხოლოდ მაშინ თუ ამისი კატეგორიული აუცილებლობა არსებობს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ბავშვების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პირობებში და ამით ერთგვარად თავიდან იქნება აცილებული საავადმყოფოს საწოლების კიდევ უფრო გადატვირთვა:
"აუცილებელია, ჩვენ ამას ხაზგასმით აღვნიშნავთ წელს, შარშან ეს რეკომენდაცია იყო, ასე იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ საქართველოში გრიპის ვაქცინაცია დავიწყეთ, ზოგადად ბავშვთა ასაკი 6 თვიდან 18 წლამდე მიეკუთვნება რისკის ჯგუფს და ამ რეკომენდაციას ვიძლეოდით, თუმცა წლევანდელი სრულიად გამორჩეულია, ამ შემთხვევაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფრო ბევრი დადებითი კომპონენტი ახლავს, პირველ რიგში რაც მთავარია იმ ბავშვების რაოდენობის შემცირება, რომელთა საავადმყოფოში მოთავსებაც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს გრიპის გამო. იცით, რომ კორონავირუსის გამო გარკვეული პრობლემები შეიქმნა საწოლებით უზრუნველყოფაში," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.