06 სექტემბერი 2026,   21:14
ვრცლად
ბათუმში ოპოზიცია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღებას დღეს უსკოსთან გააპროტესტებენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ისევ კარვები აქვთ გაშლილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ სხვადასხვა აქტივობა და პერფორმანსი მოაწყეს, მათ შორის, ე.წ. ბუშტების აქცია, რომელსაც დემონსტრანტების დაკავებები მოჰყვა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, ისინი დაშლას არ აპირებენ და დღეს უსკოსთანაც შეიკრიბებიან.

"სამარცხვინოა, როცა ადამიანებს ბუშტის ხელში დაჭერისთვის და აქციაზე ბუშტის გაშვებისთვის აჯარიმებ, მაგრამ ვცხოვრობთ ამ ვითარებაში სამწუხაროდ. აპირებს მიიღოს შემაჯამებელი ოქმი 13 საათზე და ჩვენ მას აუცილებლად გავაპროტესტებთ, რადგან ყველამ იცის, რომ უსკოს შემაჯამებელი ოქმი არის გაყალბებული არჩევნების დაკანონება,"-განაცხადა მან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ხაბაზის განცხადებით, სანამ მათი სამი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები მანამდე გაგრძელდება. 

"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს უმთავრეს მიზანს - ესაა ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საქართველოში აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ თავისუფლების მოყვარე ადამიანები არ შეეგუებიან გაყალბებული, მონური არჩევნების გზით მოსული ხელისუფლების არსებობას,"-განაცხადა კობა ხაბაზმა. 

დღის ამბები