ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს წინასასამართლო სხდომა შედგება. უნდა მოხდეს ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, რის შემდეგაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ამ საქმეში მათი ბრალეულობა ვერ მტკიცდება.
აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებასა და ჯგუფურად ჩადენილ მუქარაში ადანაშაულებენ.
"სასამართლო პირველ რიგში, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, გადასინჯავს აღმკვეთ ღონისძიების ზომას, ამჯერად შეფარდებული აქვთ პატიმრობა, ცხადია დაუსაბუთებლად. ეს არ არის არსებითი განხილვა, წინასასამართლო სხდომა გახლავთ, ამიტომ რაიმე სახის გადამწყვეტ შედეგს სასჯელთან ან პასუხისმგებლობასთან მიმართებაში არ ველოდებით. ყველა მტკიცებულება, არც ერთი მტკიცებულება ჯამში, არ იწვევს გონივრული ეჭვის სტანდარტის დაკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა ის დანაშაული ჩაიდინეს, რომელსაც მას აბრალებენ," - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.