დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პირველ ადგილას გავედით ინფექციის გავრცელების მხრივ, შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირის თავზე ინფექციის გავრცელება შეჩერდა, ზრდა აღარ გვაქვს. პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნულმა აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემამ ამხელა დატვირთვას გაუძლო.
"ისტორიას, რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით ინფექციის გავრცელების მხრივ, არ გვინდა, ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში.
ჩვენ ვნახეთ ხომ 2 კვირის თავზე შეზღუდვების დაწესებიდან, რომ გაჩერდა, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოვებისა, ზრდა ახალი შემთხვევების აღარ გვაქვს.
ამან გვაჩვენა სხვათაშორის, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 000-ს მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. მეტს რომ ვეღარ გაუძლებდა, ამისი პროგნოზი რადგან იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის," - აცხადებს პაატა იმნაძე.