დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მეორე დღეა. საკუთარ მოსაზრებებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში საბჭოს წევრებს ამჯერად ირაკლი ადეიშვილი და გია ბერაია გააცნობენ.
ირაკლი ადეიშვილი წლების წინ ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას საქართველოს სახელმწიფო მხარეს წარმოადგენდა. მოგვიანებით მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო უფლებამოსილება აღარ განუახლა. მისი მისამართით ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ დააფიქსირეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება გია ბერაიას, ის ამჟამად ახალციხის რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პროცესი ფორმალურია და კანდიდატზე წინასწარ არიან გარიგებულები.
"ფორმალურად პროცესი მიმდინარეობს შედარებით ნორმალურ მშვიდ ვითარებაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მე არ მაქვს იმედი, რომ ეს სიმშვიდე თუ კონსტრუქციული ფორმატი შედეგზეც იქნება ასახული, რადგან სრულიად დარწმუნებული ვარ რომ არჩევანი გაკეთდება იმ კანდიდატებზე რომლებზეც წინასწარ არიან გარიგებული და შეთანხმებული," - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის თქმით, ორივე კანდიდატთან საჯარო მოსმენა საქმიან ვითარებაში წარიმართა და უზრუნველყოფილი იქნა პროცესის საჯაროობა.