07 სექტემბერი 2026,   16:49
ვრცლად
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის განხილვა გრძელდება - წინასასამართლო პროცესი საქალაქო სასმართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის შეთავაზება, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

საქმეზე ბრალდებული აკაკი კობალაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს "ქართული ოცნების" პოლიტიკური სპექტრი უკვეთავს.

"პოლიტიკური სპექტრი უკვეთავდა სამართალდამცავებს რა უნდა გაკეთებულიყო, "ქართული ოცნების" პოლიტიკური სპექტრი უკვეთავდა სასამართლოს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ იმიტომ, რომ ყველაფერი ხდება პოსტფაქტუმ, ჯერ პოლიტიკოსები აანონსებენ და შემდეგ ხდება ეს," – აცხადებს აკაკი კობალაძე.

კიდევ ერთი ბრალდებულის, აკაკი ხუსკივაძის განცხადებით, მათი მოთხოვნა საქმიდან ირიბი მოწმეების ჩვენებების ამოღებაა.

"მოთხოვნა არის ირიბი მოწმეების ჩვენებების ამოღება საქმიდან, რომ სასამართლომ არ ჩათვალოს ესენი მტკიცებულებად და აგრეთვე ის შუამდგომლობები, რაც არის დაყენებული ჩვენი მხრიდან, რომ "ქართული ოცნების" მაღალი პირების დაკითხვა მოხდეს თუ საიდან იცოდნენ პოლიციაზე ადრე და ყველა სამართალდამცავ ორგანოებზე ადრე, ჩვენ ჩავიდინეთ თუ არა დანაშაული," - აცხადებს აკაკი ხუსკივაძე.

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" წევრების გიორგი ხელაშვილისა და ბექა დავითულიანის დაკითხვას ითხოვს, ასევე დაცვის შუამდგომლობაა არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერის გამო გაბათილდეს აკაკი კობალაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი. ბრალდების მხარე ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობების წინააღმდეგია.

"დაცვის მხარე ითხოვს უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკების დაუშვებლად ცნობას, ირიბი მოწმეების ჩვენებათა დაუშვებლად ცნობას, ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს ბექა დავითულიანის ბექა ხელაშვილის დასაკითხ პირთა სიიდან ამოღებას და ცდილობს სრულად ჩამოაშოროს საქმეს ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ეს საქმე ვითარდებოდა," - აცხადებს აკაკი კობალაძის ადვოკატი შოთა ბურჯანაძე.

"დღეს აუცილებლად უნდა დავაყენო აკაკი ხუსკივაძის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის დაუშვებლად ცნობა, მისი ავტომობილის დაუშვებლად ჩხრეკა და ასევე მინდა დავაყენო მისი ყველა იმ დოკუმენტის დაუშვებლად ცნობა, რომელიც მას ვითომ ბრალს უდასტურებს," - განაცხადა აკაკი ხუსკივაძის ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ.

დღის ამბები