თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა საქმის დახურვისას დაეყრდნო მხოლოდ კომპიუტერში არსებულ მონაცემებს.
ადვოკატს საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ექსპერტიზაზე მას ეს კომპიუტერი გახსნილი დახვდა და, ამასთან, მასზე მიერთებული მეხსიერების ბარათი დაიკარგა.
"დასრულდა არჩევნები და საქმეც დაასრულეს. მთელი ეს ცრუ ბრიფინგი და ყველანაირ ზნეობასა და მორალს მოწყვეტილი აპელირება მიმდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერზე და იქ არსებულ ინფორმაციაზე. ეს არის კომპიუტერი, რომელიც მე დამახვედრეს ექსპერტიზის ბიუროში გახსნილი, ეს არის კომპიუტერი, რომელზეც დაუკავშირდა თანამდებობის პირი მამას და უთხრა, რომ თქვენი შვილი შარშიაო, ეს არის კომპიუტერი, რომელზეც იყო მეხსიერების ბარათი, ე.წ. ფლეშკა, რომელიც დაიკარგა,"-განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.