სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე დღეს ქვემო ჭალაში, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა. ირაკლი ანთაძემ ნათესავებს ჟენევის მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ზაზა გახელაძე უკვე მე-6 თვეა ცხინვალის ციხეში იმყოფება. ის სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და გაიტაცეს.
დღესვე ოფიციალურმა თბილისმა ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომ ხურვალეთში მცხოვრები დათა პაპას შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ.მოქალაქეობა მოითხოვა. დოკუმენტაციის არქონის გამო ორსული ქალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოუშვეს, მისი მეუღლე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.
"ის რჩება საზღვრის იქით, კარანტინშია და მე აქეთ გამომიშვეს. მოქალაქეობა აქვს იმას და მე არ მაქვს იქ მოქალაქეობა," - ამბობს თათია ადიკაშვილი.
აღნიშნულის შესახებ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.
"ბატონ მალხაზს ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მას მიუღია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა," - ამბობს ირაკლი ანთაძე.