ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში კოვიდინფიცირებულმა ქალბატონმა ბავშვი გააჩინა.
მშობიარე ოზურგეთის მედალფას კლინიკაში სოფ. ნატანებიდან გუშინ შეიყვანეს. 23 წლის ახალგაზრდა ქალს კლინიკაში შესვლამდე ტესტი აუღეს და ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
ახალგაზრდა ქალისთვის ეს რიგით მესამე საკეისრო კვეთა იყო და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულ მშობიარედ ითვლებოდა.
როგორც კლინიკის დირექტორმა და ამავდროულად გინეკოლოგმა, დავით მდინარაძემ განაცხადა, მიუხედავად რთული კლინიკური სურათისა, ოპერაციამ, რომელიც იზოლირებულ საოპერაციო განყოფილებაში ჩატარდა, მშვიდობიანად ჩაიარა. საკეისრო კვეთით დაიბადა გოგონა, რომელსაც კოვიდი, დედისგან განსხვავებით არ დაუდასტურდა.
პატარა მაია, რომელიც 3 კილო დაიბადა, ახალშობილთა განყოფილებაში, ექიმებისა და ექთნების მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. იგი ბინაზე ხვალ გაეწერება.
რაც შეეხება დედას, ის ჯერჯერობით მკურნალობას ოზურგეთის კლინიკა "მედალფას" კოვიდგანყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.