05 სექტემბერი 2026,   20:00
ვრცლად
ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 2 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმეებს გამოკითხავენ

ამ წუთებში ერთმანეთის პარალელურად გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 2 სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მცხეთაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს განიხილავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი 8 სრულწლოვანის პროცესია.

დღეს გამოკითხულთა შორის იქნება ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ტანსაცმლიდან ამოღებული ნიმუშების საფუძველზე უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაღუპულსა და ბრალდებულებს შორის ფიზიკური კონტაქტი.

როგორც ცნობილია, დღეს მცხეთის სასამართლო პროცესზე მოწმეებს გამოკითხავენ. მათ შორის, ერთ-ერთი არის ის პირი, ვინც გურამ ამირხანაშვილი თბილისში ჩამოყვანის შემდეგ საკუთარ სახლამდე მიიყვანა და როგორც პროკურატურა ამბობს, აღნიშნული მოწმე გურამ ამირხანაშვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

"რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, რომელიც აღწერს ამირხანაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მოგეხსენებათ, რომ მან პირველად ნახა ამირხანაშვილი და მან არ იცის, რეალურად, ამირხანაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ მომენტში როგორი იყო. მიგვაჩნია, რომ ნამდვილად არ იქნებოდა სახარბიელო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, მისი ბავშვობის მეგობარი დაიკარგა და არც კი შეეცადა, რომ მოეძებნა ან დაბრუნებულიყო თბილისიდან მცხეთაში და გაეგრძელებინა მოძებნა მიუხედავად იმისა, რომ ის ძალით არავის წამოუყვანია, მასზე არავის არ უძალადია, არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არავის არ მიუყენებია, რასაც თვითონვე ადასტურებს," – აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ დღეს გამოიკითხებიან ექსპერტებიც, რომლებიც ისაუბრებენ არასრულწლოვან ა.კ.-ს დაზიანებებზე და ამით უნდა გაირკვეს, იყო თუ არ ის დაზიანებები მოტივი იმისა, რომ შემდგომში არაგვის ხიდზე მომხდარიყო დაპირისპირება

"ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდება გარემოება, რომ აგარაკზე მომხდარი ეპიზოდის დროს, ანუ ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიიღო დაზიანებები, ეს არის ა.კ. არასრულწლოვანი, ახლა უკვე სრულწლოვანია, რის შემდეგაც შურისძიების მოტივით ეს ადამიანი სხვა პირებთან ერთად დაბრუნდა უკვე თბილისიდან მცხეთაში ისევ და თავს დაესხა გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, რის შემდგომაც სხვა პირებთან ერთად მოკლა გიორგი შაქარაშვილი ," - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესი უკვე დაწყებულია და დღესაც მოხდება მოწმეების გამოკითხვა. როგორც საქმის პროკურორი ამბობს, ესენი არიან უშუალოდ ის პირები, რომლებიც აგარაკზე დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ და ისინი ისაუბრებენ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც მოხდა პირველად სწორედ აგარაკზე და შესაძლებელია, აღნიშნული მოწმეები ფლობდნენ ინფორმაციას დაპირისპირების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"ბრალდების მხრიდან მოწვეული იქნება რამდენიმე მოწმე, აგრეთვე, დაკითხული იქნება ბიოლოგიური ექსპერტი და იქიდან გამომდინარე, რასაც ისაუბრებს ექსპერტი და მოწმეები, ჩვენი მხარეც დაუსვამს კითხვებს," – აცხადებს საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, ეს არის საპროცესო გარიგება, რომელსაც ელოდებიან "საბურთალოელები". საუბარია 3 პირზე. მათი ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა ითხოვს ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობას, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის.

"პროკურატურის მზაობა როგორც იქნება, თუ ახალ-ახალ გარემოებებს არ მოგვახსენებენ, ამ ეტაპზე, გაჩერებული არის საპროცესო შეთანხმებასთან საუბარი. ითხოვენ ვახტანგ ჩიქოვანის წერილობით თანხმობას, რომ ვითომ და ამ არარსებულ საქმესთან დაკავშირებით ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული და ითხოვენ ჩიქოვანი წერილობით თანხმობას,"– აცხადებს ირაკლი წაქაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი.

საქმის პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმების მიმართულებით ჯერჯერობით გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის.

"ეს მოწმეები, ძირითადად, არიან, ვინც ესწრებოდნენ წვეულებას და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ მოახსენებენ სასამართლოს და ჩხუბის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდებენ ინფორმაციას, რაც მათ იციან.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაცვის მხარის მხრიდან, რომელთაც სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი და შეთანხმებული არ არის. შესაძლებელია, თვითონ დაცვის მხარემ იმუშაოს დაზარალებულებთან მათი პოზიციის დასადგენად, თუმცა პროკურატურაში ოფიციალურად არ მოუმართავთ," - განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

დღის ამბები