შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ რუსული ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით დაიწყოს მსჯელობა. ამ თემის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს:
"თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებია რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, "ასტრაზენეკას" ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური "სინოვაკი", ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება იმას, ვაქცინაციასთან დაკავშირებით იქნება თუ არა ნდობა, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში საკმაო რაოდენობის ადამიანი აპირებს ვაქცინაციას. პაატა იმნაძის თქმით, თავად ისიც გეგმავს რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს. მისი თქმით, ეს მას ეკუთვნის როგორც ასაკობრივად, ასევე პროფესიულადაც და ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს. პაატა იმნაძე აპირებს, რომ ვაქცინა მედიის თანდასწრებით გაიკეთოს.