მესამე დღეა დაკარგულია მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს, ორშაბათს, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით თეიმურაზ გიუნაშვილი ორშაბათს, დილის 09:00 საათამდე ასრულებდა მოვალეობას, განაწესის შეცვლის შემდეგ კი დათხოვნის უფლებით ისარგებლა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვა.
"კურიერის" ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი 12 წელი მსახურობდა სამხედრო ნაწილებში, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთის მისიაში, აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას, მოაწერა დოკუმენტს ხელი და შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მიეღო, თუმცა მისი კვალი მოულოდნელად გაქრა.
ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ წარმოდგენა რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გიუნაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
"3 დღეა ადამიანი დაკარგულია. მორიგე იყო არ გამოცხადდა, ტელეფონი ბაზაზე იყო დარჩენილი, ორი დღე ვურეკავდით - გადიოდა ზარი, მაგრამ არავინ პასუხობდა. მერე იპოვეს, ბალიშის ქვეშ იყო. სად უნდა წასულიყო?! 8 000 ლარი ჰქონდა ასაღები. დღეს ვიყავით ბაზაზე ჩასული, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. არ ვიცი რა მოხდა. როგორც თავდაცვის სამინისტრო, ისე ჩვენც ვეძებთ," -აცხადებს თეიმურაზ გიუნაშვილის ძმა რამაზ გიუნაშვილი.
თეიმურაზ გიუნაშვილის დედა ამბობს, რომ ჯარისკაცის მობილური ტელეფონი ყაზარმაში, ბალიშის ქვეშ იპოვეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი შვილი მობილურს ჯიბიდან არ იშორებდა.
"არაფერი არ ვიცი. ერთი კვირაა, რაც წავიდა, ჰოსპიტალში გაესინჯა ექიმებთან, კონტრაქტზე უნდა მოეწერა ხელი, გახარებული წავიდა აქედან, დედაო კონტრაქტზე უნდა მოვაწეროო ხელი. რამდენჯერ დავრეკე - არა. მერე საღამოთი დამირეკეს, შენ დაურეკეო შენს შვილსო? ზარი გადის, ტელეფონს არავინ იღებს მეთქი. რომ შევაწუხეთ ყველანაირად, ყველა მხრიდან მერე დაგვირეკეს, ტელეფონიო ბალიშის ქვეშ დაუტოვებიაო. სინამდვილეში დატოვა? ტელეფონს ეგი ჯიბიდან არ იცილებდა. არაფერი არ ვიცი, რა მოხდა არაფერი ვიცი," - აცხადებს თეიმურაზ გიუნაშვილის დედა ლია გიუნაშვილი.
როგორც დაკარგული ჯარისკაცის დეიდაშვილი აცხადებს, ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა და ჯარისკაცის ოჯახი მეტ ინფორმაციას დაკარგულის შესახებ არ ფლობენ.
"შევხვდით ქვედანაყოფის, ბრიგადის მეთაურს. მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯარისკაცი გავიდა კვირას სმენაში, დილით მოიხსნა, ორშაბათს, 10:20-ზე დატოვა ტერიტორია, ეს დააფიქსირა კამერებმა და მის მერე არც ხელმძღვანელობამ იციან რამე, არც ჩვენ. შესაბამისად ვართ კოორდინაციაში ერთმანეთთან, რომ თუ რამე გაირკვევა და რაიმე ინფორმაციას გავიგებთ, ერთმანეთს გავაგებინებთ და კოორდინაციაში ვიქნებით," - აცხადებს თეიმურაზ გიუნაშვილის დეიდაშვილი ჯუმბერ კოპალიანი.