მსოფლიოში კორონავირუსის ახალ შტამს იკვლევენ. ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ ორ პირს დაუდასტურდა. ახალ შტამს იკვლევენ საქართველოშიც, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ქართველი ეპიდემიოლოგების განმარტებით, კორონავირუსის მუტაცია გასაკვირი არ არის, რადგან COVID-19-ის ვირუსმა ცვლილება უკვე 23-ჯერ განიცადა.
"თუ მედიკამენტი არ შეიქმნა ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ მაღალეფექტური, პანდემიის მსოფლიოში დამარცხება ალბათ ძალიან გართულდება. ვირუსთან ერთად აუცილებლად ვირუსის მუტაცია არსებობს. ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის დაუწერელი კანონი, რაც უფრო დიდი ხანი ცირკულირებს ვირუსი და ადამიანიდან ადამიანზე გადახტება, ნიშნავს რომ მას რისკი ექმნება, რომ მუტაცია განიცადოს და ახალი შტამით მოგვევლინოს. ყველა ის შტამი, რომელიც ახლა გაჩნდა და დიდი აჟიოტაჟია მსოფლიოში, სწორედ სუსტი იმუნიტეტის ადამიანებში ვერც მოერია ადამიანი და ვერც ადამიანს მოერია. აი იქ გაჩნდა მუტაცია," - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ინფექციის გადაცემის ჯაჭვის შეწყვეტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე რა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი შტამი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ გადაცემის ჯაჭვი უნდა შევწყვიტოთ," - აღნიშნა გიორგი ფხაკაძე.