კანონპროექტი, რომელიც მინიმუმ 800 პატიმრის თავისუფლების ბილეთი იქნება, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ამ ეტაპზე, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში არანაირი ცვლილება არ ასახულა, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენებზე მუხლების დამატებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორთან, ადვოკატებთან და სასულიერო პირებთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. წინადადებები როგორც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას, ასევე მსუბუქ შემთხვევებში გათავისუფლებას ეხებოდა.
წინადადებებს, რომლებიც გასული ორი დღის განმავლობაში გამოითქვა, პარლამენტის შიგნით მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია. ერთადერთი გამონაკლისი დღეს დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო. მან შეღავათები ოჯახში ძალადობის მუხლით გასამართლებულთათვის ითხოვა, რაც პროექტის ავტორებმა თავიდანვე წითელ ხაზად დაასახელეს.
დეპუტატები და განხილვაში ჩართული მხარეები ამ ეტაპზე მხოლოდ ძირითად პრინციპებზე თანხმდებიან. მეორე მოსმენის წინ დისკუსიები უფრო დეტალური და მუხლობრივი იქნება. კანონმდებლების ვარაუდით, ამნისტიის კანონპროექტი თებერვლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.