19 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
პრეზიდენტმა ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსების ლაურეატები დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვისას, სხვა სფეროების გარდა, პანდემიის შედეგად განათლებისა და კულტურის სფეროში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსების ლაურეატებიც დაასახელა.

"განათლების სფეროში - ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის  რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლება და დამთრგუნველი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვა, თუმცა არ გამოცხადებულა აკადემიური წელი და ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდა.  ყველაფრის მიუხედვად, ჩვენ აქაც შევძელით ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა - გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

კულტურაზე ძალიან მძიმედ აისახა პანდემია. დისტანციური ფორმატების მიუხედავად, ეს სფერო პრაქტიკულად გაიყინა, რადგან კულტურა პუბლიკის გარეშე ძნელად თუ ცოცხლობს. ამ ფონზე ძალიან ვამაყობ იმით, რომ სრულყოფილად ჩავატარეთ ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების სახელმწიფო კონკურსები. შევკრიბეთ კომისიები, მივიღეთ მსოფლიო დონის სამეცნიერო ნაშრომები და ლიტერატურული ნაწარმოებები, გამოვავლინეთ გამარჯვებულები.

პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია ჯერ ვერ ჩატარდება, მაგრამ მინდა ამ ახალი წლის ღამეს გაგაცნოთ გამოვლენილი ლაურეატები და ერთად მივულოცოთ მათ ეს დიდი წარმატება, რომელიც ქვეყანას ასახელებს.

ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და პოეზიაში მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს, დავით წერედიანს. ვწუხვარ, რომ მას ეს მნიშვნელოვანი აღიარება სიცოცხლეში არ ერგო. ეროვნული პრემიის გამარჯვებულები კი  ქიმია-ბიოლოგიის დარგში ერთობლივი ნაშრომისთვის არიან გიორგი კვესიტაძე, გია ხატისაშვილი და თინათინ სადუნიშვილი. ფიზიკის დარგში - ალექსანდრე შენგელია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები