19 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
კონცერტი მხოლოდ ტელემაყურებლისთვის და მაშხალებით დაზიანებული ნაძვის ხეები- როგორ შეხვდა საქართველო ახალ წელს კოვიდის პირობებში

ახალი წლის დადგომას თბილისი ტრადიციული გალაკონცერტით, თუმცა მაყურებლის გარეშე შეხვდა. პანდემიის მიზეზით წელს პირველად მოსახლეობას საახალწლო კონცერტზე დასწრების საშუალება არ მიეცა. რამდენიმესაათიან მუსიკალურ პროგრამას მაყურებელი მხოლოდ ტელეეკრანებთან ჰყავდა.

საახალწლო გალაკონცერტი რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. შემსრულებლებმა საკუთარი ნომრები სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის შექმნილი სცენებიდან წარმოადგინეს. იყო დისტანციური ჩართვებიც. მაღალი რისკის მქონე მუსიკოსებმა თავიანთი რეპერტუარებიდან სიმღერები საკუთარი სახლის აივნებიდან შეასრულეს.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე წუთში ჩაქრა. საახალწლო დეკორაცია მოქალაქეების მიერ ნასროლმა მაშხალებმა დააზიანეს. ცეცხლი გავრცელებამდე თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა საკუთარი ქურთუკით ჩააქრო.

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლი გაუჩნდა გორში, ცენტრალურ მოედანზე, დადგმულ ნაძვის ხეს. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ფოიერვერკი დასახელდა.

2021 წლის დადგომა განსხვავებული იყო რეგიონებშიც. ახალი წლის დადგომას საქართველოს ყველა დიდი ქალაქი ტრადიციული კონცერტისა და ფოიერვერკების გარეშე შეხვდა.

გალაკონცერტი არა, თუმცა ალტერნატიული საღამო მოაწყვეს ბათუმელებმა. ის ადამიანები, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ახალ წელს ქუჩაში შეხვდნენ. რამდენიმე სოლომომღერალმა და ფოლკლორულმა ჯგუფმა საკუთარი რეპერტუარებიდან სიმღერები აჭარის მთავრობის სახლის წინ შეასრულეს.

დღის ამბები