09 მაისი 2024,   03:00
ვრცლად
აჭარაში მოკლული კაცის ოჯახის ინფორმაციით, გია ბოლქვაძე დაპირისპირებულების შერიგებას ცდილობდა

აჭარაში, ე.წ. ოცნების ქალაქში მოკლულის ოჯახის წევრები "კურიერთან" ამბობენ, რომ 44 წლის გია ბოლქვაძე დაპირისპირებულების შერიგებას ცდილობდა. ოჯახის განცხადებით, დაპირისპირება მხარეებს შორის დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო. ამასთან, მათი ცნობით, წუხელ, გაურკვეველი მიზეზით ბოლქვაძეს საცხოვრებელ სახლში ერთ-ერთი მხარე თავს დაესხა. ოჯახი დამნაშავებიის დასჯას მოითხოვს.

გარდა ამისა, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიჭრა 27 წლის მამაკაცი, ის კლინიკაში მკურნალობს. ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

"პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო. დაუყოვნებლივ გადავიყვანეთ საოპერაციოში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა ექიმმა. 

ცნობისთვის, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ერთმანეთს 44 წლის გია ბოლქვაძის სახლში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით მეჩეთთან ბოლქვაძის მკვლელობით დასრულდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

დღის ამბები