ქართული მხარე მზადაა, დაეხმაროს ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
ეს პოზიცია დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დააფიქსირა.
თეა ახვლედიანის თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, ოფიციალური თბილისი დე ფაქტო ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია.
იქამდე, ვიდრე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა, გაგრაში მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
"ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის ხელშეწყობით. ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ და რეგულარულ კომუნიკაციაში ვიმყოფებით. კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ," - აცხადებს თეა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, გაგრაში ძლიერი ცეცხლი რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით არის დასახლებული პუნქტიდან.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლებას, ჯერჯერობით, მოსახლეობის ევაკუაცია არ დაუწყია.