26 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
პოლიტიკიდან წასვლა თუ გადანაცვლება - ექსპერტები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და მმართველი პარტიიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. მიზეზები "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ვრცელ წერილში განმარტა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან პოლიტიკა დატოვა მაშინ, როდესაც მის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა ძალამ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამე ვადით ჩაიბარა ქვეყნის მმართველობა. რამდენად რეალურია ივანიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება, ამ საკითხზე პოლიტიკის ექსპერტები საუბრობენ.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე წასვლა გაქცევას ჰგავს და წასვლის შესაძლო მიზეზად პრობლემების გადაწყვეტის უპერსპექტივობას ასახელებენ.

"ამ კრიზისის პიკზე წასვლა ეს უკვე გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის წასვლას. მიზეზი შიძლება ისიც იყო, რომ მან დაინახა ამ პრობლემების გადაწყვეტის უპერსპექტივობა და დაიღალა უსამართლო თითის გაშვერისგან," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

როგორც პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი სულ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ პოლიტიკა მისი ინტერესი არ არის და რამდენიმე წელიწადში წასვლას აპირებს. 

"გადაწყობები მაინც მოხდება, თუმცა პირველ ეტაპზე მავანი მოინდომებს აუცილებლად რჩევების მიღებას, მაგრამ რამდენად დისტანცირებული იქნება ივანიშვილი ეს დამოკიდებულია მასზე. სულ ამახვილებდა ყურადღებას, რომ ის არის მოსული პოლიტიკაში 2-3 წლით, როგორც დაწერა იმ წერილში. ახლა გუნდი "ქართული ოცნებისა" იძულებულია უკვე იმოქმედოს ბევრად უფრო დამოუკიდებლად და რაც მთავარია კონსოლიდირებულად, არ უნდა მოხდეს დაყოფა ჯგუფებად და არ უნდა მოხდეს შიდა კონკურენციის თემის გააქტიურება," - განმარტა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ.

"მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარემ გია ნოდიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება არა გაქცევა, არამედ გადანაცვლებაა. მისი განცხადებით, ივანიშვილისთვის ჩრდილში, არაოფიციალურ ლიდერად ყოფნა უფრო კომფორტულია.

"ეს არ არის გაქცევა, ეს არის გადანაცვლება. უფრო კომფორტულია მისთვის ეს მოდელი, როდესაც ის არის ჩრდილში, როდესაც ის ხილული, ოფიციალური ლიდერი არ არის, თუმცა რეალურად ინარჩუნებს კონტროლის ბერკეტებს. ის ასე მართავდა ქვეყანას 2013-სა და 2018 წლებს შორის და ახლა, როდესაც ის იმავეს აკეთებს, ძალიან ძნელია დავიჯეროთ, რომ ის მართლა მიდის," - განაცხადა გია ნოდიამ.

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს ვერ ჩამოშორდება და ფორმალურ მმართველად დარჩება.

"როდესაც სისტემა ისეა აგებული, რომ მთლიანად ჩამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე როგორც პიროვნებაზე, ის, რა თქმა უნდა, არსად არ წავა და ვერსად  წავა. გვექნება არაფორმალური მმართველობა. ის არ არის ის ტიპი, რომელსაც უყვარს თანამდებობა, მას ურჩევნია ჩრდილში ყოფნა და იქიდან მართვა პროცესების. ის ასე აკეთებდა რუსეთშიც, ასე აკეთებდა საქართველოშიც 2011 წლამდე და 2011 წლის მერე," - განაცხადა პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა.

დღის ამბები